ირაკლი კობახიძე - გარკვეული სუბიექტები მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებასაც ითხოვდნენ, რაც სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენც და ელჩებმაც საპირისპირო პოზიცია გამოვხატეთ
ირაკლი კობახიძე - გარკვეული სუბიექტები მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებასაც ითხოვდნენ, რაც სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენც და ელჩებმაც საპირისპირო პოზიცია გამოვხატეთ

გარკვეული სუბიექტები დეტალების გასაჯაროებასაც კი ითხოვდნენ, რაზეც ჩვენც გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალების გასაჯაროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას საფრთხე შეექმნება.

„გარკვეული სუბიექტები დეტალების გასაჯაროებასაც კი ითხოვდნენ, რაზეც ჩვენც გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც. დეტალების გასაჯაროება სწორად არ მიგვაჩნია. თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ზეწოლას ვინ ახორციელებს კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, მიხვდებით, რა დგას ამის უკან. როგორც კი მოხდება დეტალების გასაჯაროება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მის წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების. ასეთივე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში დააფიქსირეს ელჩებმაც. შესაბამისად, ჩვენ დეტალებზე დღეს არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.