ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ გმირებს, რომელთაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ გმირებს, რომელთაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს

დროშა არის ჩვენი ისტორიის, მრწამსისა და თვითმყოფადობის სიმბოლო, რომლის დაცვისა და ჩვენამდე მოტანისთვის წინაპრებმა ყველაფერი დათმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად, დროშის, გერბისა და ჰიმნის ცვლილების პროცედურა შეიცვალა და სახელმწიფო სიმბოლიკა სათანადოდ იქნება დაცული.

„სახელმწიფო სიმბოლიკა იყო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი და მნიშვნელოვნად ამაღლდა სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე. ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, გერბისა და ჰიმნის შეცვლა 76 დეპუტატის მხარდაჭერით, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურები ამას არ სჭირდებოდა. ეს წინააღმდეგობაში იყო სამართლებრივ ლოგიკასთან და ეს პრინციპი დღეისათვის შეცვლილია. დღეისათვის სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას უკვე კონსტიტუციური პროცედურა, სამი მეოთხედის უმრავლესობა და სათანადო გართულებული პროცედურები ესაჭიროება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული სახელმწიფო სიმბოლიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი. დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველი. საქართველომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა იმისათვის, რომ ერი სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო, ამიტომ, განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირებს, რომელთაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და ამ ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ასეთი გმირები. დროშა არის ჩვენი ისტორიის, მრწამსისა და თვითმყოფადობის სიმბოლო, რომლის დაცვისა და ჩვენამდე მოტანისთვის წინაპრებმა ყველაფერი დათმეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, თანამედროვეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. ამასთან, სახელმწიფო დროშა ერთდროულად არის ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც თითოეული ჩვენგანი ქვეყნისთვის აკეთებს და გააკეთებს, ჩვენი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს ქვეშ გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტში გამოფენილია მუნიციპალური სიმბოლოები. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი სიმბოლოების შექმნის პროცესს. პირველად იმ დიდი სახელმწიფოებრივი წყვეტის შემდეგ, რამაც საქართველოში აღმოფხვრა ადგილობრივი თვითმმართველობა და შესაბამისად, მისი სიმბოლიკაც, სიამაყით ვამბობთ, რომ ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლო. დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული რეგიონისა და ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში, თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი. ასევე, სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა. ეს დროშაც აღდგენილია. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ სიმბოლიკით, რომელიც დადგენილია ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.