ირაკლი კობახიძე - გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის
გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში თავის წვლილს გაერო-სთან გაფორმებელი ხუთწლიანი თანამშრომლობის ჩარჩოდოკუმენტიც შეიტანს.
„ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, ბუნებრივია, თავის წვლილს გაერო-სთან დღეს გასაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩოდოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაერო-ს გუნდს, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად, ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა. შერჩეული მიმართულებები ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას. დასასრულ, ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ბატონ დიდიე ტღებიუკს, საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, რომლის პირადი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მიცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან ამ დოკუმენტის დაახლოება. მადლობა, მინდა, გადავუხადო გაერო-ს მთლიან გუნდს, მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაერო-ს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობა ასევე ყველას, ვინც დღევანდელი შეთანხმების შედგენაში და ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა.