ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობაა ზუსტად ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა

12:38, 05.11.2026

„გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა კონკრეტული ეფექტი, კონკრეტული შედეგი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის ზუსტად რომ ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში.

„აქ საქმე ეხება რას – მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული, არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.

მსგავსი