პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები

20:02, 04.11.2026

საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, „როგორც ვიცით, აშშ ამკაცრებს „ფარას“, ასევე გარკვეული ევროპული ქვეყნებიც ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას. მაშინ როგორ აიხსნება მოთხოვნა საქართველოს მისამართით, რომ ქვეყანამ გააუქმოს არსებული კანონი“.

ევროკავშირის ელჩის თქმით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ გამჭვირვალობის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

„პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს. არა ამერიკული, რუსული ან ჩინური კანონები, ან სხვები, არამედ უნდა მიიღოს ევროპული კანონები. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, გაეწვია ეს კანონი. სწორედ ამის გამო შევძელით, წინ გადაგვედგა ნაბიჯები. სწორედ ამიტომაც, 2023 წლის ბოლოს ჩვენ ყველანი ვზეიმობდით, რომ საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უკან დაეხია და კვლავ შემოეტანა კანონი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მათ შორის მეც – თუ შეიძლება, ნუ იზამთ ამას, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წესებს და ჩვენ ვთქვით, რომ ამას ექნებოდა შედეგი.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ამ მიმართულებით მოქმედება, შემდეგ კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი და ა.შ. ყველა ამ კანონმა შექმნა დისტანცია ჩვენსა და საქართველოს შორის, გაზარდეს უფსკრული ჩვენ შორის. სწორედ საქართველოს გადასაწყვეტია, რომელი კანონი უნდა მიიღოს, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ელჩი, მე ვამბობ, რომ საქართველოს თუკი სურს, ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, უნდა განახორციელოს ისეთი კანონები, რომლებიც არის ევროპული“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი