ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტიას დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის
ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტიას დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის

გახარიას პარტიას დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, რადგან ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი.

„მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ, პირველ რიგში, „დიფ სთეითმა“ თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. „დიფ სთეითის“ სურვილი იყო, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ესეც არის მათი სისუსტის გამოვლინება. რაც შეეხება კონკრეტულად გახარიას პარტიას, მათ დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის. საინტერესო ის არის, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, რადგან ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ შორის სხვაობა მხოლოდ პირობითია. ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი. პოლიტიკურად ისინი არიანი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.