ირაკლი კობახიძე – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
„მოხარული ვარ, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.
ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები 29 ივლისს გააუქმა.