საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.
„საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
შეგახსენებთ, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები 29 ივლისს გააუქმა.