ირაკლი კობახიძე - "ფრიდომ ჰაუსის" კვლევაში მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტურობა, ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს
ირაკლი კობახიძე - "ფრიდომ ჰაუსის" კვლევაში მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტურობა, ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს

“ფრიდომ ჰაუსის” კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე.

„2004-12 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე „რუსთავი 2“-ზე, “იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ბრეინვოშინგს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ზე საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც, როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის”, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტურობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.