ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, საია-ს სარჩელის უკან ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი
ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, საია-ს სარჩელის უკან ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე როცა შეაქვთ სარჩელი, ეს ფაქტი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მათ შეეძლოთ ასეთი სარჩელის შეტანა სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას: „საია-ში ამბობენ, რომ არავის სასარგებლოდ არ მოქმედებენ, არჩევნებამდე სარჩელი ნაკლები სპეკულაციის გამო შეიტანეს და ის არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს“.

კობახიძის თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელის უკან პოლიტიკური ინტერესი ნათლად იკითხება.

„ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს ეს სარჩელი, როდესაც იყო ყველაზე ცხელი დრო წინასაარჩევნო აგიტაციის კუთხით. თავისთავად ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ, სამი თვის დაგვიანებითაც შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს მაინც და მაინც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეეტანათ ეს სარჩელი. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს. მისივე თქმით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება.

საპასუხოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გუშინვე განმარტეს, რომ „საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არჩევნებამდე შეტანა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული სარჩელი, არ გამხდარიყო სპეკულაციის თემა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მოეწონა არჩევნების შედეგი და ამის გამო შეიტანეს სარჩელი“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სარჩელს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეიტანდნენ, თუ ერთი თვით ადრე. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებზე გავლენა არ ექნება.