ნიკოლოზ სიმონიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არჩევნებამდე შეტანა გადავწყვიტეთ, რადგან სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული და სპეკულაციის თემა არ გამხდარიყო
ნიკოლოზ სიმონიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არჩევნებამდე შეტანა გადავწყვიტეთ, რადგან სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული და სპეკულაციის თემა არ გამხდარიყო

საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არჩევნებამდე შეტანა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული ჩვენი სარჩელი, არ გამხდარიყო სპეკულაციის თემა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მოეწონა არჩევნების შედეგი და ამის გამო შევიტანეთ სარჩელი, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სარჩელს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეიტანდნენ, თუ ერთი თვით ადრე.

ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებზე გავლენა არ ექნება.

„ძალიან საინტერესოა, რატომ გადავწყვიტეთ სარჩელის შეტანა არჩევნებამდე, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი თვით ადრე შევიტანდით, ორი კვირით, თუ როდის. აქ იყო საკითხი იმგვარად, რომ რომც შეგვეტენა ერთი თვით ადრე, ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა, მაინც ყოფილიყო არგუმენტი, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იყო შეტანილი. საკითხი იყო, როდის უნდა შეგვეტანა – არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ სწორედაც არჩევნების შედეგებზე არ ყოფილიყო მიბმული ჩვენი სარჩელი და ეს შემდგომში არ გამხდარიყო სპეკულაციის თემა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მოეწონა არჩევნების შედეგი და ჩვენ ამის გამო შევიტანეთ სარჩელი.

ჩვენ წინასწარ შევიტანეთ სწორედაც იმ პერიოდში, როდესაც არ ვიცით, არჩევნების შედეგები როგორი იქნება. საინტერესო საკითხი არის ის, რომ ჩვენ სარჩელში არ მოგვითხოვია ნორმის მოქმედების შეჩერება, ჩვენ სარჩელში არ მიგვითითებია იმაზე, რომ ამ ნორმას დამძლევი შინაარსი შეიძლება ჰქონდეს, ამგვარად საკონსტიტიციო სასამართლომ უფრო ადრე განიხილოს ეს საქმე, თუ რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვეტს.

ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ ისე, რომ საკონსტიტუცი სასამართლოს შედეგს არ ჰქონოდა ამ არჩევნებზე გავლენა, ისევე როგორც ეს მოხდა საკონსტუტიციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებაში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა. იმ გადაწყვეტილებას ეფუძნება ჩვენი სარჩელი და არ იმ სარჩელს, რომელზეც ჩემდა გაუგებრად მიუთითა ბატონმა კობახიძემ. ბატონი კობახიძე ახლა ხომ არ იტყვის, სარჩელი დაკმაყოფილდება და არაკონსტიტიციური კანონი მივიღეთო, ჩვეულებრივი ამბავია, რომ არ ეთანხმება ამ სარჩელს“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და დაკმაყოფილდება.

„ჩვენი სარჩელი არ გამომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელიდან და ის საერთოდ სხვა ტიპის სარჩელი იყო. ის იყო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, ჩვენ კი ასეთ სარჩელს უბრალოდ ვერც შევიტანთ და შეუძლებელია, ამის უფლება კანონით არ გაგვაჩნია. გაუგებარია ეს არგუმენტი და პრინციპში გასაგებია, რომ ამ არგუმენტით „ქართული ოცნება“ უბრალოდ ცდილობს, დაგვაკავშიროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც სრული აბსურდია, რადგან ყველამ კარგად გაიხსენოს, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საია, როდესაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვრეაგირებდით იმ დროს არსებულ დარღვევებზე, დღეს უკვე მინისტრთა კაბინეტში რომ არიან, მაშინ მადლობას გვიხდიდნენ, რომ ჩვენ ვიცავდით „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და ვიყავით დემოკრატიის სადარაჯოზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

მისი განმარტებით, უსაფუძვლოა „ქართული ოცნების“ არგუმენტები, თითქოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პოლიტიკური მიზნები აქვს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი რომც დააკმაყოფილოს, ჩვენი სარჩელით ამ ყველაფერს ვერ ექნება გავლენა არჩევნების შედეგებზე, ეს შეუძლებელია, რადგან საკონსტუტიცო სასამართლო ამას განიხილავს არჩევნების შემდეგ და ამ ყველაფერს უკუძალა არ აქვს. ბატონ კობახიძეს წამოცდა, თითქოს ჩვენ გვაქვს დაბალი ნდობა, სინამდვილეში პირიქით არის, საზოგადოებაშიც და საერთაშორისო პარტნიორებშიც გვაქვს მაღალი ნდობა და ნდობა აქვს ჩვენს შეფასებებს, რადგან გვაქვს კვალიფიციური შეფასებები. შესაბამისად, ისინი ერთგავრად ცდილობენ, ჩვენი დასკვნები და მოქმედებები პოლიტიკურ ჭრილში გაატარონ. არავითარი პოლიტიკური მიზანი ჩვენ არ გვაქვს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვაქვს კავშირი. ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაგვაკავშირონ, რაც სინამდვილე არ არის, ცდილობენ, მოხდეს ასევე ჩვენი გაშავება, რათა ჩვენს დასკვნებს, როგორც პოლიტიკური შინაარსის მატარებელ დასკვნებს, ვითომცდა დაეკარგოს თავისი წონა. მე ვერც ოპოზიციას გავეჯიბრები და ვერც „ქართულ ოცნებას,“ რადგან ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი. საერთაშორისო პარტნიორებს აღუნიშნავთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის საუკეთესო ნაწილი ამ ქვეყანაში და სწორედ ამ სექტორის ერთ-ერთი დამსახურებაა ქვეყანაში წინა წელს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი რომ დასრულდა და შეთანხმებამდე მივედით. სწორედაც რომ სამოქალაქო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურებაა, მოდი, ეს ყველა პარტიას გავახსენოთ“, – აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც ორ კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება.

მისივე განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს. კობახიძის თქმით, შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.