ირაკლი კობახიძე – ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან თუ რამეა შეუთავსებელი, ესაა რეზოლუციაში ასახული მიდგომა, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ ეს არ ყოფილა წარმატებული
დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან. შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან თუ რაიმე არის შეუთავსებელი, ეს არის ის მიდგომა, რომელიც ასახულია რეზოლუციაში.
„აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. რომ გადახედოთ ადამიანებს, რომლებიც აინიცირებდნენ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან. აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის საინტერესო შანტაჟები და მუქარები. დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება. ქართველ ხალხს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს. შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არცერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან. შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა.
2028 წლის 28 ოქტომბერს ჩვენ გვექნება არჩევნები. იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი ორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.