ირაკლი კობახიძე - „ევროპულმა საქართველომ“ ისევე დაასრულა საქმიანობა, როგორც გამოძიებამ, გამოდის, რომ მათი პრეტენზია საგამოძიებო ორგანოებისადმი უსაფუძვლო იყო
ირაკლი კობახიძე - „ევროპულმა საქართველომ“ ისევე დაასრულა საქმიანობა, როგორც გამოძიებამ, გამოდის, რომ მათი პრეტენზია საგამოძიებო ორგანოებისადმი უსაფუძვლო იყო

საზოგადოებას აინტერესებდა ერთი მთავარი რამ – ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ზაზა სარალიძის შვილს, დავით სარალიძეს, თუმცა „ევროპულმა საქართველომ“ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს იყო მთავარი კითხვა, ეს აინტერესებთ ამ ადამიანებს. ამიტომ, სათითაოდ გეკითხებიან და კითხვას არ პასუხობთ. არ მინდა, პოლემიკაში შემოსვლა, თუმცა გეტყვით, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა. რეალურად, კომისიის შექმნის მიზანი გახლდათ არა სამართალდამცავი ორგანოების გადაცდომის დადგენა, არამედ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ეს იყო ასახული, როგორც სათაურში, ასევე თქვენს არაერთ განცხადებაში.

თქვენ თამასა ასწიეთ საკმაოდ მაღლა და თქვით, რომ ამ საქმეზე დაადგენდით ჭეშმარიტებას, ანუ დაადგენდით მაგალითად იმას, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სალარიძეს. დეპუტატებმა რამდენჯერმე გკითხეს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მათ ვერ მიიღეს სრული პასუხი. ანუ თქვენ დაადგინეთ, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სალარიძეს? ვერ დაადგინეთ“,- მიმართა კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

ამასთან, კობახიძის თქმით, გამოდის, რომ პრეტენზიას, რომელსაც „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო ორგანოებს უყენებდა, საფუძველი არ ჰქონდა.

„როდესაც მთავარ პრეტენზიას უყენებდით სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ ვერ გამოავლინეს სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებლი, აღმოჩნდა, რომ თურმე ობიექტური გარემოებები არსებობდა, რის გამოც თქვენ ვერ დაადგინეთ ეს. როგორც გამოძიებამ ვერ დაადგინა, ასევე თქვენც ვერ დაადგინეთ. ეს კითხვა დაისვა ათჯერ და ათჯერვე თავი აარიდა სერგი კაპანაძემ პასუხის გაცემა.

რეალურად, სამი თვის თავზე მიხვედით ზუსტად იმ შედეგამდე, რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეთ ჩვენი მთავარი პროკურორი. ისევე დაასრულეთ სამთვიანი საქმიანობა კომისიაში, როგორც დაასრულა გამოძიებამ. თუ თქვენ გქონდათ ობიექტური მიზეზი, შეიძლება გამოძიებასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზი. შესაბამისად, გამოდის, რომ პრეტენზიას, რომელსაც უყენებდით საგამოძიებო ორგანოებს, არ ჰქონდა საფუძველი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.