ირაკლი კობახიძე - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციისთვის ხმის მიცემით მაშინდელი ხელისუფლების წევრებს ღალატი აქვთ ჩადენილი
ირაკლი კობახიძე - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციისთვის ხმის მიცემით მაშინდელი ხელისუფლების წევრებს ღალატი აქვთ ჩადენილი

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციისთვის ხმის მიცემით მაშინდელი ხელისუფლების წევრებს ისეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ მისი გამოსწორება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს მიმართა.

„ჩვენი მოწოდებაა, მომავალზე ვისაუბროთ. კამპანია ​მოწოდებული უნდა იყოს მომავალზე. რაც შეეხება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, ისეთი ღალატი გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამის გამოსწორება არ შეიძლება. ომიდან ორი თვის თავზე ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს დანაშაული. რომელი მომავალი პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ვიღაცამ მტკიცებულებად წაიღოს და ხელი რომ აუწიეთ იმ უბედურებას, მაშინ რაზე ფიქრობდით, ევროსაბჭოზე დარბაზიდან მაინც გასულიყავით. რუსეთმა გაიტანა თავისი სასარგებლო რეზოლუცია და ჭკუა ეყოთ, დარბაზიდან გასულიყვნენ, რადგან იმ პუნქტისთვის არ დაეჭირათ მხარი, რომელიც არ აწყობდათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიას მიმართა, რომელმაც ირაკლი კობახიძის ასეთი შეფასება გააპროტესტა.

„გიგა, სახე გაქვს ამ წამს დაკარგული და ვის სახეზე ლაპარაკობთ. პირდაპირი მნიშვნელობით სახე გაქვთ დაკარგული, ბატონო გიგა, ოპერატორებს ვთხოვ, გადაიღონ, ვის აქვს სახე დაკარგული ამ წამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ადასტურებს, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმა მისცეს, აგვისტოს ომზე მართლაც არის საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი მუხლი. ეს განცხადება ბობოხიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.