ირაკლი კობახიძე - ევროპის ჩემპიონატი მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული, მადლობა სპორტის სამინისტროს და ძიუდოს ფედერაციას, ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში
ირაკლი კობახიძე - ევროპის ჩემპიონატი მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული, მადლობა სპორტის სამინისტროს და ძიუდოს ფედერაციას, ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში

უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.

„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ავიღეთ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას, მინდა, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცენდენტო წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს, მინდა, გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.