ირაკლი კობახიძე - 2022 წელს ევროპარლამენტში მიიღეს სამი აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია, მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას, რომ ასეთი რეზოლუციები, დიდი ხანია, აღარ მიიღება
ირაკლი კობახიძე - 2022 წელს ევროპარლამენტში მიიღეს სამი აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია, მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას, რომ ასეთი რეზოლუციები, დიდი ხანია, აღარ მიიღება

ევროპარლამენტმა 2022 წელს მიიღო სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლო იყო, მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას, რადგან ამის შემდეგ დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა, ასეთ რეზოლუციები, დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ზაფხულში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად განაახლოს ურთიერთობები ევროპარლამენტთან და ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა.

„რაც შეეხება შეხვედრას ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გაუგებრობებზე, რაც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისათვის.

თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომლებიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ ამის შემდეგ სწორი პრაქტიკა დამკვიდრდა. ასეთი რეზოლუციები, უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ იქონია გავლენა პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა. ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, გამოვთქვათ ოპტიმისტური იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით.

უახლოეს მომავალში, ზაფხულში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, დაკომპლექტდება თავიდან ევროპარლამენტი. ჩვენ ვართ დაინტერესებული, მაქსიმალურად განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, თუნდაც იმისთვის, რომ სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.