ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის შევსებაში ჩართული იქნება ის, ვინც არ უთხრის ძირს სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის შევსებაში ჩართული იქნება ის, ვინც არ უთხრის ძირს სახელმწიფოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი შეივსება სათანადო წესით, როგორც ამას ევროკავშირის სტანდარტები ითვალისწინებს.

მისივე შეფასებით, კითხვარის შევსებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობა კონტრპროდუქტიული იქნება.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას კითხვარის შევსებაში, მე მგონია, რომ ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირდაპირ აწარმოებდა კამპანიას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, ასევე თქვენ გახსოვთ მათი განცხადებები ჩვენს პერსპექტივებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს პოლიტიკური ძალა პირდაპირ აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით, არ არის დაინტერესებული ქართული სახელმწიფოს წარმატებით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირთან დაკავშირებული ასეთი მნიშვნელოვანი კითხვარის შევსებაში, რა თქმა უნდა – არა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, კითხვართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია მთელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების მიერ, რატომ ცდილობთ, ჩამოაშოროთ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს? , – კობახიძის თქმით, კითხვარის შევსებაში ჩართული იქნება ის, ვინც არ უთხრის ძირს სახელმწიფოს.

„მოვახდენ სალომე ზურაბიშვილის ციტირებას: ესენი დადიან და ძირს უთხრიან. ვინც დადის და ძირს უთხრის, ბუნებრივია, ის არ უნდა იყოს კითხვარის შევსებაში ჩართული. ვინც არ დადის და არ უთხრის ძირს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ის იქნება ჩართული კითხვარის შევსებაში. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას, ხელისუფლების ჩართულობა იქნება ძალიან ფართო და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა გავიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტზე, რომელიც საბოლოო ჯამში შედგება. რაც შეეხება გასაჯაროებას, ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება, იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორია ამ შემთხვევაში სტანდარტი. როგორიც იქნება სტანდარტი, ისე ვიმოქმედებთ. ჩვენ რეალურად ამაზე არავითარი პრობლემა არ გვაქვს. პრემიერი არის ამ პროცესის ხელმძღვანელი, ის წარმართავს პროცესს და რა თქმა უნდა, ერთად გვექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კითხვარის შევსების პროცესში შეიძლება, ჩართონ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით არ მოქმედებს.

„ზოგადად, შეიძლება, ჩაერთოს ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ძირს არ უთხრის. შეიძლება, ნებისმიერი იყოს ჩართული, ვნახოთ, პროცესი წარიმართება, გვაქვს ჯერ კიდევ დრო წინ, შეიძლება, ჩავრთოთ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით და რომელიც არის დაინტერესებული ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით. პრემიერი, როგორც პროცესის ხელმძღვანელი, წარმართავს ამ პროცესს და შესაბამისად, როგორ იქნება წარმოდგენილი პროცესი, დამოკიდებულია მასზე და ის გაგიზიარებთ ამას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.