ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინო, არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ სისტემას
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინო, არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ სისტემას

ევროკავშირის პრესსპიკერი გამოვიდა, ანუ ევროპული ბიუროკრატიის სახე, და პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ სისტემას.

„ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. საბოლოო ჯამში, შედეგია არა ის, რომ ევროპული ბიუროკრატიის ასეთი ნაბიჯები წარმატებულია, არამედ კიდევ მეტად ძლიერდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მეტად მობილიზებულია ქართველი ხალხი ჩვენს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგ. არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ სისტემას, ქართულ დემოკრატიას წარმატებით ვერავინ დაესხმება თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადების შეფასებისას ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის შემცირებას ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

„ეს არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, ეს არის პოლარიზაციის წახალისება. ბუნებრივია, საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის რადიკალურად შემცირებას ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ, ასეთი განცხადებების ფონზე, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობაც მცირდება. ეს არის ყველაზე დასანანი. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა ამას ცალმხრივად ვერ გავაკეთებთ. ევროპული ბიუროკრატები ასეთი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას თუ არ შეწყვეტენ, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.