ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კამპანიას ღიად აწარმოებდა, ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა ამით არის გამოწვეული
ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას ღიად აწარმოებდა, არცერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება“.
„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. გახსოვთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კამპანიას ღიად აწარმოებდა, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, არცერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც, სამწუხაროდ, არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები, მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა. ევროკავშირს როდესაც წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე. ამის საპირისპირო ნაბიჯებს როცა დგამ, ეს არის კონტრპროდუქტიული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად მე შემიძლია, პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს Deep State-ის დავალებების ქვეშ. აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არ არის იოლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.