ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირ-თან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირ-თან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა – ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირ-ის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, მთავრობის მეთაურის თქმით, მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო წელს მიიღება.
„არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება მისიების მოწვევის თაობაზე მიიღება ხოლმე საარჩევნო წლის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, ყველას გირჩევთ, დაველოდოთ 2028 წელს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარი კონფლიქტი არავისთან არ გვაქვს. ეუთო/ოდირ-მა წინა არჩევნები აღიარა, გამოაცხადა შემდგარად, კონკურენტულად და ამის მიუხედავად სხვები დაუპირისპირდნენ ღიად ეუთო/ოდირ-ს. მათ შორის იყო ადგილობრივი აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ასევე იყვნენ მათი გარე პატრონები. ღიად დაესხნენ თავს ეუთო/ოდირ-ს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირ-თან. ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა – ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირ-ის მიერ. თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირ-ი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიფ სთეითის“ მხრიდან. ეს არის რეალური ვითარება. რაც შეეხება 2028 წელს, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ 2028 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სწორედ საარჩევნო წელს“, – განაცხადა პრემიერმა.