ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირმა არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, ამიტომ ესხმიან თავს ეუთო/ოდირს როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები
ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირმა არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, ამიტომ ესხმიან თავს ეუთო/ოდირს როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები

ეუთო/ოდირზე თავდასხმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო, ფონი მოამზადეს და გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც, რადგან ყველამ იცის, ეუთო/ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება და აფასებს არჩევნებს და მათ ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას ეუთო/ოდირის შეფასება იმდენად არ მოეწონა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შესაბამისი ბრიფინგი.

„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება და აფასებს არჩევნებს. ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, დაიდო შესაბამისი დასკვნა, წინასწარი დასკვნაა და, როგორც მოგეხსენებათ, საბოლოო დასკვნა არ განსხვავდება ხოლმე წინასწარი დასკვნისგან. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი უცხოელი მფარველები.

ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე. გამოიყვანეს ჯერ გახარია, შემდეგ – გვარამია, დაიწყო თავდასხმა, ფონი მოუმზადეს არჩევნების შემდგომ თავდასხმას და ეს თავდასხმა გაგრძელდა არჩევნების შემდეგ.

მე მახსოვს, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეუთო/ოდირის ბრიფინგი, სხვა მისიებთან ერთად. იმდენად არ ესიამოვნათ და იმდენად არ მოეწონათ ეუთო/ოდირის შეფასება, რომ ეთერიც კი გათიშეს. გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. ეუთო/ოდირმა ობიექტურად შეაფასა არჩევნები და აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რა თქმა უნდა, ის წერილი, რომელიც მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სწორედ ამიტომ ესხმიან თავს ეუთო/ოდირს მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.