ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირის შეფასების მიუხედავად, ოპოზიციამ პარლამენტს საბოტაჟი გამოუცხადა, საბოლოოდ, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპარლამენტს ეს არ მოსწონს, ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში

21:55, 11.11.2026

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ძალიან უხეში ჩარევა დაფიქსირდა, ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, ჩარეულიყო საქართველოში გამართულ დემოკრატიულ არჩევნებში, არცერთ ელჩს არ აქვს უფლება, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის შეფასების მიუხედავად, ოპოზიციამ პარლამენტს საბოტაჟი გამოუცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ახლა ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში.

„რეალურად საქართველოში ვითარება ასეთია – ბოლო 14 წლის განმავლობაში ყოველთვის არსებობდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არანაირი საფუძვლით არ აღიარებდნენ მთავრობის ლეგიტიმურობას. მათ უბრალოდ არ სურდათ არჩევნების შედეგების აღიარება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეუთო/ოდირი მაგალითად, აღიარებდა არჩევნების შედეგებს და დადებით შეფასებებს იძლეოდა არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია მაინც ცდილობდა ეჭვქვეშ დაეყენებინა პარლამენტისა და ზოგადად მთავრობის ლეგიტიმურობა. ამ მცდელობებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სხვადასხვა საგარეო ძალები.

იგივე მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ძალიან უხეში ჩარევა დაფიქსირდა. მაგალითად, ელჩმა, ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, ჩარეულიყო საქართველოში გამართულ დემოკრატიულ არჩევნებში, არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე. მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მიეცათ მთავრობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს იყო ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ არცერთ ელჩს არ აქვს უფლება, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის შეფასების მიუხედავად, ოპოზიციამ პარლამენტს საბოტაჟი გამოუცხადა. მათ უარი თქვეს ამომრჩევლის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და დღემდე არ სხედან პარლამენტში. საბოლოოდ, ჩვენ მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ლეგიტიმური, ჩვენ კი იგივე აზრი გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ფრთაზე. საბოლოოდ უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ორი მხრიდან რომელი არ არის ლეგიტიმური – მთავრობა თუ შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ჩვენ უბრალოდ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპარლამენტს კი ეს სარჩელი არ მოსწონს. ეს უბრალოდ სარჩელია, ჯერ არ არის მიღებული განაჩენი თუ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა ევროპარლამენტი ახლა ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხუთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე მოუწია დგომა.

„ამ ხუთი მცდელობიდან ოთხი ძალადობრივი იყო. თქვენ მოიყვანეთ ამერიკის წინა ადმინისტრაციის განცხადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შესახებ, თუმცა ეს „მშვიდობიანი“ საპროტესტო აქციები „მოლოტოვის კოქტეილებსაც“ მოიცავდა. ადამიანები პოლიციელების დაწვას ცდილობდნენ. დღეს კი შეგვიძლია, წაიკითხოთ ევროკომისიის შეფასებები პარიზში გამართულ ძალადობრივი აქციების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები გაცილებით ძალადობრივი იყო, მაშინ როდესაც ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია როგორც წინა, ისე ამჟამინდელი, ამას უბრალოდ მშვიდობიან საპროტესტო აქციებად წარმოაჩენდნენ. ეს უბრალოდ სიყალბეა.

კიდევ ერთხელ – იყო დემოკრატიული არჩევნების შედეგები არაღიარების სამი მცდელობა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა, ძალადობრივი თუ არაძალადობრივი ფორმით. ამ ყველაფერს კი ძალიან აქტიურად უჭერდნენ მხარს უცხოეთიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი