ირაკლი კობახიძე – ეუთო გარკვეული პერიოდი არ იყო ჩართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაში, ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს, რისი გამოხატულებაც არის სიცრუით გაჯერებული რეზოლუცია

23:52, 16.07.2026

ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეზოლუცია არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რაღაც დროის განმავლობაში, სხვათა შორის, ეუთოს უფრთხილდებოდნენ, შედარებით, ასე ვთქვათ, დაცული იყო ამ გავლენის ეფექტისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ პირდაპირ ეუთოც ჩართეს უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახით კოორდინირებულ შეტევაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ჯო უილსონის მიერ ინიცირებული პროექტი, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც უკვე გარიეს ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი აქტი, რომელიც განსაკუთრებულ ჩაღრმავებულ შეფასებას არც იმსახურებს, არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი