ირაკლი კობახიძე – ეუთო-ც აღმოჩნდა ჩართული კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა
სამწუხაროდ, ეუთო-ც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
„თქვენ იცით, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და, ამ შემთხვევაში უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. დოკუმენტი თვითონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, ეუთო-ც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.