ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას, მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია, ყველაფერს აკეთებენ, რომ 2008 წლის მოვლენები განმეორდეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას, მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია, ყველაფერს აკეთებენ, რომ 2008 წლის მოვლენები განმეორდეს

ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას საქართველოში. სამწუხაროა, რომ ასეთი მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია თავს – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ალტერნატიული არაფორმალური არჩევნები, 2007 წელს აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, დააანონსეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო გზით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, ყველა ამ ნაბიჯით რუსეთს შეუმზადეს ნიადაგი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაციისთვის, რის შემდეგაც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და კასეტური იარაღით დაბომბვაში დაადანაშაულეს, – ნათქვამია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

მისი თქმით, იგივე ადამიანები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენები განმეორდეს.

„სწორედ ამისთვის ითხოვენ ისინი სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. სწორედ ამისთვის ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, როცა თავადვე იციან, რომ ამ სანქციების თუნდაც ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნება, საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის კი – ძალიან მძიმე. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს, რომელთა ნამდვილი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამაგრება ან უკრაინის დახმარება, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მოტანაა. მათ უნდა იკმარონ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მოუტანეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაწარმოოთ რაციონალური პოლიტიკა და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ“ – ნათქვამია განცხადებაში.