ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, თუ სადმე გვაქვს უკუსვლა, ეს არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას, თუმცა ესეც აუცილებლად გამოსწორდება, თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის
ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, თუ სადმე გვაქვს უკუსვლა, ეს არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას, თუმცა ესეც აუცილებლად გამოსწორდება, თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის

პოლარიზაცია, ეს არის ის საკითხი, რომელიც პირველ პუნქტად არის აღნიშნული ევროპული კომისიის დოკუმენტში, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი ყოველწუთიერად არღვევს ამ პირველივე მოთხოვნას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ოპოზიციამ, თუმცა პირველ რიგში სწორედ ამ პუნქტს არ ასრულებს და ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს პოლარიზაცია, დაპირისპირება, მღელვარება საზოგადოებაში. თუმცა ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, რომელსაც ისინი ამჟამად ახორციელებენ.

არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანას გავუფრთხილდეთ. ჩვენ მაქსიმალურად, ხანდახან ვეფერებით ხოლმე კრიმინალებს, პირდაპირ ვიტყვი, იმ ოპოზიციას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული. და არამარტო წარსული, კრიმინალური აწმყო და კრიმინალური მომავალი.

როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის დანაყოფებზე, სატელიტებზე, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული რისკები ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად. მათი ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ უნდა გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება.

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი. ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მაგრამ თქვენ რომ მონაწილეობდით ამ გეგმის შედგენაში, ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და ენჯეოებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია.

„თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის, არანაირი ფორმით არ გავხართ თქვენ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს, მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ არაფერი გცხიათ ევროპულობის და აქედან გამომდინარე, ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა, ერთადერთი, თუ სადმე გვაქვს უკუსვლა ჩვენ ქვეყანაში, ეს არის სწორედ ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროევროპულ, პროდასავლურ, ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც აუცილებლად გამოსწორდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.