ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე
რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა ინფლაციას სათანადო ზღვრებში.
„რაც შეეხება ფულის მასას, ამაზე უნდა შევჯერდეთ, ავიღოთ სტატისტიკური მონაცემები და უნდა ვნახოთ, ფულის მასის ზრდა აღემატება თუ არა ეკონომიკის ზრდას და გადავამოწმოთ – თუ არ აღემატება, მაშინ სხვა დასკვნებზე უნდა შევჯერდეთ. რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე. სურსათი სხვა თემაა – მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ღირს, პირობითად, ლარი, შემოვიდა საზღვარზე, გაიზარდა, ფასნამატი დაედო, საზღვრიდან წამოვიდა, ფასნამატი დაედო, მოხვდა თაროზე, ფასნამატი დაედო, ამას ვერ არეგულირებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას. რაც შეეხება მოქმედ მენეჯმენტს ეროვნულ ბანკში – დიდი წინააღმდეგობები იყო ამასთან დაკავშირებით, ვიღაცებს არ უნდოდათ, ჩვენ აგვერჩია ეროვნული ბანკის წევრები, საერთაშორისო დონეზე სუბიექტებს ვგულისხმობ, მაინც ავირჩიეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წელს ინფლაცია იყო ორი პროცენტი, 2025 წელს ინფლაცია იყო ოთხი პროცენტი. შეგიძლიათ, გადახედოთ სამეზობლოს, ევროპას და თუ სადმე იყო ასეთი დაბალი მაჩვენებლები, არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია. ფასთწარმოქმნას რაც შეეხება, სურსათის ფასების შემთხვევაში ეს არის ცალკე ჯაჭვი და ამ ჯაჭვზე ეროვნული ბანკი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. ზოგადი პოლიტიკის სისწორეზე მეტყველებს ის, რომ 2024 წელს ინფლაცია იყო ორი პროცენტი და შარშან იყო ოთხი პროცენტი“, – განაცხადა პრემიერმა.