ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს სასოწარკვეთილ ნაციონალ დიასახლისებს უწოდებს
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს სასოწარკვეთილ ნაციონალ დიასახლისებს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს სასოწარკვეთილ ნაციონალ დიასახლისებს უწოდებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანთა ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს გულით დაატარებენ.

„ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ, უფრო მდაბიოს, ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს. საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, მას განათლება მოსკოვში აქვს მიღებული და ემსახურებოდა ცხრა წლის განმავლობაში სულითა და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში, აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს. დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წლიური ანგარიშის წარდგენისას პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბრობდა.