ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი, კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა
ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი, კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა

ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი, კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას ელემენტარული კაცობა რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, თუმცა მას კაცობის არაფერი სცხია. მან ეს დაამტკიცა ცხრა წლის მანძილზე, როცა მმართველობაში იყო და როცა ოპოზიციის ლიდერი იყო. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება უნდა შეასრულოს, „რითაც ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაც საზოგადოებისთვის მომაბეზრებელია“.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება და მკაცრი მოწოდება არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ამ შეწყვეტაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, მათ შორის ელენე ხოშტარიას საკითხიც. ამას არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რითაც ავლენს თავის ბუნებას და ამბობს, რომ მისთვის სტრასბურგის სასამართლო არაფერია. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე გაბრაზებულიც არის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – დაახლოებით 100-ჯერ ამხილა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი მკვლელობაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ბიზნესის რეკეტში და უამრავ დანაშაულში. ეს ადამიანი საქართველოში ტრაილერით, მაცივრით შემოიპარა და იმის გარისკვაც კი არ უნდოდა, რომ ციხეში მოხვდებოდა. დღეს უნდა, რამენაირად გათავისუფლდეს იმ ექვსწლიანი სასჯელისგან, რაც აქვს შეფარდებული. სამარცხვინოა, როცა გარისკვაც კი არ გინდა და ელემენტარული კაცობაც კი არ გაქვს, რომ ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებზე საუბარი ზედმეტია. მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება უნდა შეასრულოს და ამით ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაც საზოგადოებისთვის არის მომაბეზრებელი. სააკაშვილის ხელშია ამ უბედურების დასრულება, მისი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რასაც სტრასბურგი მას ურჩევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი