ირაკლი კობახიძე - ეგზიტპოლები აცდენილია ცესკო-ს ამ დროის მონაცემებს, უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები აცდენილია „რუსთავი 2“-ისა და „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგებს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შედეგებს შორის აცდენას შეიძლება თავისი მიზეზები ჰქონდეს.
„ამას ჩავეძიებით. სურათი იმაში მდგომარეობს, რომ ეგზიტპოლზე პასუხს ამომრჩეველთა დაახლოებით 44 პროცენტი არ სცემდა და ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ გარკვეული აცდენაა. ცესკო-ს შედეგები აცდენილია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებს, ასევე გარკეულწილად, ჩვენი ეგზიტპოლის შედეგებს. ეგზიტპოლი არის ეგზიტპოლი, არჩევნების შედეგები ცესკო-ს მიერ ქვეყნდება. საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქო პროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.