ირაკლი კობახიძე - ბონუსის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ
ირაკლი კობახიძე - ბონუსის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგრეთ წოდებული ბონუს სისტემის გაუქმება გარკვეულ რისკებს შეიცავს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას კობახიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ე.წ. ბონუსს სისტემა გაუქმდეს.

„ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ. ამ სისტემის მიზანი პლურალიზმთან ერთად, სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე ერთად ვიზრუნოთ. ასეთ შემთხვევაში, რისკების მასშტაბი შეიძლება შემცირდეს, რაც შეიძლება პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან იყოს დაკავშირებული“, – აღნიშნა სპიკერმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ბლოკის დატოვება მისაღები არ არის.

„ბლოკების დატოვება გარკვეულ რისკებსა და მანიპულაციას შეიცავს, მაგრამ შევეცდებით, რომ ამ რისკების პრევენცია კანონის დონეზე მოვახდინოთ“, – დასძინა კობახიძემ. 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, სიტყვა ხმოსანი – საარჩევნო კოლეგიის წევრით იცვლება. გარდა ამისა, უქმდება ე.წ. ბონუსს სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლება ერთჯერადად ექნებათ.