ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება, დაახლოებით, 850 ჰექტარ ფართობზე, ყველას მოვუწოდებთ, მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან, არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებზე
ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება, დაახლოებით, 850 ჰექტარ ფართობზე, ყველას მოვუწოდებთ, მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან, არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებზე

Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება, ჯამში, დაახლოებით, 850 ჰექტარ ფართობზე, აქედან კრწანისის ტერიტორია არის დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი. რაც შეეხება გონიოს ტერიტორიას, ეს არის დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისმის ათასგვარი სპეკულაციები, პოლიტიკური პარტიების  სხვადასხვა წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტერიტორია სახელმწიფო მონაკოზე ოთხჯერ მეტია.

„არ ვიცი, ვისზე შეიძლება, იმოქმედო ასეთი სპეკულაციური განცხადებებით? ყველას კარგად მოეხსენება საქართველოში, რომ მონაკო არის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფო, ასე უწოდებენ ამ ქვეყნებს და მათ შორისაც არის ყველაზე პატარა სახელმწიფო. სინამდვილეში, ეს არის ძალიან პატარა ქალაქი და შედარება მონაკოს ტერიტორიასთან არის ცალსახად სპეკულაციური. არასპეკულაციურად რომ დაგანახოთ, რა არის, მაგალითად, კრწანისის წილი თბილისის ფართობთან მიმართებით – 120-ჯერ ნაკლები ტერიტორიაა თბილისის ფართობთან შედარებით. სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან, არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.