ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის ინვესტიციის საფუძველზე 11 მლრდ ლარი შეემატება ჩვენს ეკონომიკას, საუბარია უზარმაზარ ეფექტზე, რომელიც ერთ ინვესტიციას ექნება, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული
Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა ძალიან რთული მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ინვესტორმა გამოხატა ნდობა ქვეყნის მიმართ, მათ შორის, ხელისუფლების და იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის კანონმდებლობა, ძალიან ხელსაყრელი გარემო ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ეს ეხება საგადასახადო განაკვეთებს, ზოგადად, საგადასახადო პოლიტიკას, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. კორუფციისგან თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ინვესტორების ნდობას. ყველა ხედავს, მათ შორის, იმ ზომებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ნდობა საქართველოს მიმართ, ხელისუფლების მიმართ და სწორედ ეს გახდა განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვახერხეთ ამ შეთანხმების გაფორმება. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, 11 მლრდ ლარი შეემატება ჩვენს ეკონომიკას ამ ერთი კონკრეტული ინვესტიციის საფუძველზე. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მთლიანობაში, საშუალოდ 700 მლნ ლარით მეტი შევა საქართველოს ბიუჯეტში. საუბარია უზარმაზარ ეფექტზე, რომელიც ერთ ინვესტიციას ექნება. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საინვესტიციო პროექტი იქნება ძალიან წარმატებული“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, რაც ჩავარდა.
„შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გადასცდებოდა 3.1-ს და ა.შ. მათ ასეთი განწყობის შექმნის სურვილი ჰქონდათ სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასახულიყო ეკონომიკაზე, თუმცა ეს ჩავარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წარმატებით შევძელით ჩვენი ეკონომიკური დღის წესრიგის შესაბამისად მუშაობა, მათ შორის შარშანდელი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი ჩავხურეთ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდით, მაშინ როდესაც კონკრეტული ექსპერტები საუბრობდნენ, რომ მინუსით დასრულდებოდა შარშანდელი წელი, რადიკალურად განსხვავებული იყო შედეგი. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი – მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში. ეკონომიკა თუ სუსტდება, სოციალური ფონი მძიმდება და ასეთ პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ, რომ უზრუნველყონ ხელისუფლების შეცვლა, რაზეც ოცნებობენ, განსაკუთრებულად, 2020 წლიდან მოყოლებული. ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს. ჩვენი ინტერესი ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან. ჩვენი ოპონენტების ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. ჩვენი ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს და ამას საზოგადოება გრძნობს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში ხალხმა გამოგვიცხადა მაღალი ნდობა. ვერავის ვერ გავატანინებთ ამ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე. წლევანდელი პროგნოზიც არის დამაიმედებელი და ვფიქრობთ, რომ რაც არის პირველადი პროგნოზი, იმასაც გადაჭარბებით შევასრულებთ. იმედი გვაქვს, რომ 6-7%-ის ფარგლებში მაინც იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის ზრდა, რაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმ ზომების ფონზე, რაც კორუფციის წინააღმდეგ არის მიღებული. ვფიქრობ, ესეც დამატებით მნიშვნელოვნად უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.