ირაკლი კობახიძე - ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს საკითხზე, რასაც ქვია ურთიერთობა რუსეთთან
ირაკლი კობახიძე - ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს საკითხზე, რასაც ქვია ურთიერთობა რუსეთთან

ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ქვია ურთიერთობა რუსეთთან – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ქვია ურთიერთობა რუსეთთან.

ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის, რომ განვიხილოთ ნებისმიერი ვერსია. მთავარია, რომ წითელი ხაზები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, არ იყოს გადაკვეთილი და ეს წითელი ხაზები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გადაკვეთილი.

ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, მკაფიო წითელი ხაზები და ამ პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერია შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ვრცელი ინტერვიუ, სახელწოდებით „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე“, გამოცემა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა.  ამავე ინტერვიუში კარასინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა გლეხი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან ერთსა და იმავე ტექსტს აკითხებს.

მისი თქმით,  ქართული მხარე სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში კონსტრუქციული მონაწილეობის ნაცვლად, ფოკუსირებულია პროპაგანდისტული შოუების მოწყობაზე. ინტერვიუში კარასინის გაკეთებულ განცხადებებს   საქართველოს საგარეო უწყებაში შემაშფოთებელი უწოდეს.