ირაკლი კობახიძე - ძალადობა განხორციელდა „პოსტივის“, „იმედის“ ჟურნალისტებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას დიდი ფასი არ აქვს
მინდა, შეგახსენოთ, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო ორი წელიწადის, განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა „პოსტივისა“ და „იმედის“ ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და განაცხადა, რომ ეს ფაქტები თავის დროზე არავინ დაგმო.
„მინდა, შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტივის“ ჟურნალისტის, ქალბატონი სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა, 20 წლის გოგოს, პრაქტიკულად, ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და მიაყენეს უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს ძალადობა თავის დროზე არათუ არავის არ დაუგმია, პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიურ კონტექსტში ამ ვიდეოკადრებს და მახსოვს, დაახლოებით 3 000 „ლაიქი“ დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში, შეიძლება, ნიჭიერია, მაგრამ არ ეყო კაცობა, ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინა. გამაოგნებელი ის არის, რომ 3 000-მა ადამიანმა მოიწონა, ესენი არიან „ნაცები“, რა თქმა უნდა.
მინდა, შეგახსენოთ მეგი ნარსავიძის შემთხვევა, რომელიც ვიხილეთ დაახლოებით ერთი თვის წინ, არც არის გასული ერთი თვე, ვაკეში, თუ არ ვცდები, მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა. ამ შემთხვევაშიც მოძალადე ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი. აქაც, პრაქტიკულად, ალყაში იყო მოქცეული „იმედის“ ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მახსოვს, აქ ტარდებოდა ბრიფინგი, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს ვთხოვეთ, დაეგმოთ მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არცერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი არის სრულიად მიუღებელი.
ასევე, თქვენ გახსოვთ „პოსტივის“ ჟურნალისტზე, ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი „ნაციონალი“ ზონდერი, რომელიც ახლა არის გვარამიას პარტიის წევრი. იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა ჩვენ არ გვახსოვს.
შემდეგი, გივი კუჭავა, ეს არის „იმედის“ ჟურნალისტი, რომელზეც ორკებმა იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე.
ბესო გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც ერთ-ერთმა ორკმა, ნიღბიანმა დამიზნებით სახეში ესროლა ე.წ. პიროტექნიკა და გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიღებდა ძალიან მძიმე დაზიანებას, ძალიან მძიმე დამწვრობას. არავითარი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, არათუ რეაგირება, არათუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში „ნაცები“ და მათი ტელევიზიები, მათი NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ. ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.