ირაკლი კობახიძე - დონ ტუიგი წარმოადგენს დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების ქვეყანას, მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი მიუღებელია, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ
ირაკლი კობახიძე - დონ ტუიგი წარმოადგენს დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების ქვეყანას, მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი მიუღებელია, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლორდთა პალატის წევრის, ლორდი დონ ტუიგის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს ჟურნალისტებმა ერევანში დაუსვეს კითხვა.

„რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე. ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა: „ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ვგულისხმობთ ივანიშვილს. არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება ჩამოვართვათ, ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ“.