ირაკლი კობახიძე - დისციპლინურ წარმოებასა და სასამართლოს გადატვირთულობაზე წარმატებული დისკუსია გვქონდა და პოზიციების შეჯერებას შევძლებთ
ირაკლი კობახიძე - დისციპლინურ წარმოებასა და სასამართლოს გადატვირთულობაზე წარმატებული დისკუსია გვქონდა და პოზიციების შეჯერებას შევძლებთ

დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხებზე წარმატებული დისკუსია გვქონდა და პოზიციების შეჯერებას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ , ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება.

„გუშინ განვიხილეთ დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხები, გვქონდა წარმატებული დისკუსია და ამ ორ საკითხზე პოზიციების შეჯერებას შევძლებთ. დღეს განახლდა მსჯელობა იუსტიციის სკოლის საკითხებზე, სკოლის რეფორმაც არის პრიორიტეტი, ამასთან არის მიბმული სრული გადასვლა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესზე, რაც უნდა განხორციელდეს 2024 წლის ბოლოდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლის რესურსების გაძლიერება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა, მათ შორის, კანონმდებლობაში. დღესვე გვექნება დისკუსია საბჭოსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ შევთანხმდებით ცვლილებებზე ოთხივე საკითხთან დაკავშირებით. მაისის ბოლოს შესაბამისი კანონპროექტები მზად გვექნება და ივნისში შევძლებთ კანონპროექტების მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.