ირაკლი კობახიძე - დღეს თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი ეკლესიასთან და განსხვავებული იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, გვახსოვს, რა კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ
თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა.
„გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ამ რეჟიმის პირობებში ეკლესიის წინააღმდეგ. ცხრა წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია. თვითონ ურიგებდნენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ იწყებდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია სხვადასხვა ფორმით, კომპრომატებით შანტაჟი და ასე შემდეგ, უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა. დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სეკულარიზმის პრინციპი. ამ პრინციპით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას. თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს. რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?“