საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არც ერთი „ნაციონალი“ აღარ იქნება.
მან ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოწოდება, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესსა და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდეს.
„არჩილ თალაკვაძის მოწოდება სწორი იყო. ვინმეს პასუხისმგებლობა თუ აქვს, იმ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკის კეთებასთან და ეს პროცესი არსებითად დაკავშირებულია პარლამენტთან.
ოპოზიცია კრიზისშია, საიდანაც ვერ გამოდის. ოპოზიციამ უნდა დაადასტუროს, რომ არ არის დესტრუქციული, არიან პასუხისმგებლიანი. თუ დაადასტურებენ, რომ პროცესების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ, მოვიდნენ, მაგრამ კრიზისშია არიან და ვერ ამტკიცებენ. ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არც ერთი „ნაციონალი“ აღარ იქნება. თუ მათ ადგილებს კონსტრუქციული ოპოზიცია და ისეთი პოლიტიკური ძალა დაიკავებს, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია. ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ შევქმნით, თავისთავად უნდა შეიქმნას. როცა დაიმსხვრევა ორპარტიული არასწორი რეჟიმი, მაშინვე გაჩნდება სივრცე კონსტრუქციული პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ეფუძნება დასავლურ და ეროვნულ ღირებულებებს. დღეს კრიზისია ოპოზიციაში და არა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.