ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციაზეა როდესაც არის საუბარი, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ჟურნალისტებს, მოქალაქეებს
ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციაზეა როდესაც არის საუბარი, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ჟურნალისტებს, მოქალაქეებს

ჩვენთვის პრიორიტეტი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენი მხრიდან ივნისის ჩათვლით ამაზე გაკეთდა მაქსიმუმი, მაქსიმუმი გაკეთდება დეკემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ნებისმიერი სუბიექტის პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ.

„დღევანდელი დღის მიზანი იყო, საზოგადოებისათვის წარგვედგინა სიღრმისეული ინფორმაცია, მარტივია საუბარი ციფრებით – 3, 12 და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს იწვევს დაბნეულობას და არ აწვდის საზოგადოებას სიღრმისეულ ინფორმაციას. ჩვენი მიზანი იყო, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით წარგვედგინა სიღრმისეული ინფორმაცია საზოგადოებისთვის, ინფორმირება გაგრძელდება და გაგრძელდება მუშაობა, რომელიც იმ 18 პუნქტის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რომელიც დამატებით წარმოადგინა ევროკომისარმა ვარჰეიმ პრაქტიკის კუთხით, კანონმდებლობის კუთხით. ბუნებრივია, ყველა თემაზე იქნება მუშაობა. ჩვენ ცოტა გავცდით, გადავუხვიეთ 12 პუნქტის თემას, მაგრამ ესეც კარგი იყო. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით შევძელით იმ ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის, რაზეც პოლემიკის რეჟიმის გარეშე ვერ ვსაუბრობთ ხოლმე. ჩვენთვის პრიორიტეტი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენი მხრიდან ივნისის ჩათვლით ამაზე გაკეთდა მაქსიმუმი, მაქსიმუმი გაკეთდება დეკემბრის ჩათვლით. მთელი რიგი პუნქტები იქნება ბოლომდე მისაყვანი, ნებისმიერი სუბიექტის პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ ამ პროცესში. როცა დეპოლარიზაციაზეა საუბარი, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ჟურნალისტებს, მოქალაქეებს. კარგი იქნება, თუ ყველა ჩვენი წილი პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ საკითხებს და ჩვენ აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.