ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაცია ჩვენ გვაინტერესებს და გვჭირდება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით, მათ შორის ევროპულ გზაზე
ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაცია ჩვენ გვაინტერესებს და გვჭირდება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით, მათ შორის ევროპულ გზაზე

დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის სწორი მიდგომა.

„საუბარია როცა არის დეპოლარიზაციაზე, რატომ არ ითხოვენ, მაგალითად, დეპოლარიზაციას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან. არ მინდა, დეტალებში შევიდე და დავასახელო. დეპოლარიზაცია ჩვენ გვაინტერესებს და გვჭირდება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით, მათ შორის ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევრორეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სამუშაო პროცესში ოპოზიციური ძალების ჩართულობას, თუმცა მმართველ გუნდში ამის მოლოდინი არ აქვთ.

„სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ყველა საპარლამენტო პარტიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სამუშაო პროცესში, როგორც ამას გვირჩევდა ევროკავშირი. ოპოზიციას როცა ვუყურებთ, არ გვჯერა, რომ მათ პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებასა და ევროკავშირის მიმართულებით წინსვლაში. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ნეგატიური რწმენა.

12 პუნქტის შესრულების დროს რამდენიმე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იყო კონსტრუქციულად, პროდუქტიულად ჩართული სამუშაო პროცესში. მათი მხრიდან კონსტრუქციული ჩართულობის მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება პარტიებს, რომლებიც 12 პრიორიტეტის შესრულებას გაემიჯნენ, ასეთი პარტიების მიმართ მოლოდინი ახლაც ანალოგიურია“, – განაცხადა კობახიძემ.