ირაკლი კობახიძე - შარშან მოახერხეს და თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ, გამჭვირვალობა, სიტყვის თავისუფლება არის განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ ორივე პრინციპს
ირაკლი კობახიძე - შარშან მოახერხეს და თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ, გამჭვირვალობა, სიტყვის თავისუფლება არის განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ ორივე პრინციპს

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დემოკრატიაში გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი.

„უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ საკითხზე დეტალურად არ ვისაუბრებ. ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს და ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი.

გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, შინაარსში არ უნდა შევიდეთო –  ასეთი განცხადება გააკეთა. შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი, შინაარსი – ხელისუფლების. ამაზე უკეთეს აღიარებას ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი არის გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებას და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა – ევროპული.

შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ. ასევე გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტ-ჩეკი“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი. ყველამ იცით ეს სახელები და გვარები. ეს ადამიანები თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში. დღეს ამის საშუალება აღარ აქვთ ამ მასშტაბით, მაგრამ სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ამ ცენზურას – ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოჰყვა დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს. ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ისე ცენზურა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე რირებულებას – ეს არის გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.