ირაკლი კობახიძე - დებატებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, უფრო მეტი რესურსია, რომ საზოგადოებას მკაფიოდ გააგებინო სიმართლე, ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი
დებატების მიზანი არის, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას, დებატებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და ამ პირობებში არის უფრო მეტი რესურსი, რომ საზოგადოებას უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, დებატებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
„დებატები ტელევიზიის შენობაში შედგება. ჩვენ ვართ მზად ამ ფორმატისთვის. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით. დღესაც ვსაუბრობ პრესკონფერენციის ფორმატში, მაგრამ დებატებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და დებატების პირობებში არის უფრო მეტი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. ეს ადამიანები თუ რაიმეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ. ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, არ ვართ ხისტები და უხეშები. მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და აღიარონ, თუ ეყოფათ რესურსი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არის ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც მზაობა გამოხატეს დებატებში მონაწილეობაზე. მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ ჩაერთნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ, ცდილობენ, არ მოვიდნენ დებატებზე. იმედია, მათ ეყოფათ გამბედაობა“.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.