ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოგვარება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოგვარება

ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ დონეზე. ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი და საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების პოზიციაა მნიშვნელოვანი. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოგვარება.

„სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ დონეზე. ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი. ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების პოზიციას. მთავარია ამ საკითხის მოგვარება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

ამ საქმის საეჭვო პოლიტიზება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე, როცა შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთის ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია, ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება. რა მოტივაცია უნდა ჰქონოდათ ამ შემთხვევაშიც. ეს არის ერთადერთი რამის გამოვლინება – ამ ადამიანებს არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სამშობლო. სხვა მოტივაციას მე ვერ ვხედავ. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და აღსრულება. მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა თუ არსებობს, არამედ მთავარი პასუხისმგებელი ასეთ დანაშაულთა შემთხვევაში, არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაირკვეს, მაღალ დონეზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს ქმედებაზე.

ერთ რამეს შეგახსენებთ, როდესაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოვიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო კომისიაში დისკუსიის საგანი, ამას მოაყოლა „ნაცმოძრაობამ“ მთელი თავისი მედიით და თავისი ე.წ. ექსპერტებით შტურმი ,,ქართულ ოცნებაზე“ და ისინი საუბრობდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაუშვა და დღეს, როდესაც გაირკვა, რომ თურმე ეს ყოფილა იმ ადამიანების ბრალეულობა, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ, ისინი პირიქით – ამ ადამიანებს ეფარებიან თავიდან ბოლომდე. მოდით, ორმაგი სტანდარტით ნუ იხელმძღვანელებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.