ირაკლი კობახიძე - დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
ირაკლი კობახიძე - დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ამერიკელი, დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ უბრალოდ ავანტურისტი, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც – მტრისას“.

„დაისვა კითხვები, თუ როგორი იყი ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც მაშინ ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმოდა 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს, პირველ რიგში, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა.

მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი არ არის ნამდვილად დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი.

ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ბუნებრივია, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის. ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან 2008 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ​სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემებს ეუბნებოდა, რომ 2008 წელს კონფლიქტის ინიციატორი იყო სწორედ რუსეთი.

„მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა იმ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი. ის აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, როგორც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც მათ შორის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუშია ასახული და იმავე ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს. ანუ ინტერვიუში საუბარია, რომ ინიციატორი კონფლიქტის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი. ამას ეუბნებოდა ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი. ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიციები და ინტერესები დაეცვა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.