ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას მოემსახურება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას მოემსახურება

დარწმუნებული ვარ, სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქი ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

„ჩვენ ამ საკითხის სიღრმეში, ბუნებრივია, ვერ შევალთ, მათ შორის, კომენტარების გაკეთების დროსაც. ვიცით, რომ შეიკრიბა სინოდი, გადაწყვეტილებები მისაღები იყო სინოდის მიერ. პატრიარქი არის ბრძენი და ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებებს. სინოდს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ემსჯელა სიღრმისეულად იმ საკითხებზე, პრობლემებზე, რომლებიც იდგა ეკლესიის წინაშე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა, მეუფე პეტრე მღვდელმთავრებს მამათმავლებს რომ უწოდებს, კობახიძემ უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„ეს არის განცხადება, რომელიც თავის თავზე თავისთავად მეტყველებს. ეს იყო მთლიანად სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც შესაძლებლობა, სიღრმეში შევიდეთ, ამ მსჯელობისას უკეთ იცოდა, რა თქმა უნდა, სინოდმა, უკეთ იცოდნენ სინოდის წევრებმა, უკეთ იცოდა პატრიარქმა, თუ რა მდგომარეობა იყო შექმნილი, რა იყო გადაწყვეტილების კონტექსტი და აქედან გამომდინარე, სწორედ მათ ჰქონდათ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ეკლესიის ინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, ბუნებრივია, ეკლესიის სიძლიერე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს გადაწყვეტილება  სწორედაც ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოფიციალურად წმინდა სინოდის სხდომის განჩინება არ გამოქვეყნებულა, თუცა ცნობილია ორი გადაწყვეტილების თაობაზე. ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, წმინდა სინოდმა ის მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ამასთან, პეტრე ცაავას ინფორმაციით, წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ.