ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე პროკურატურის გაუმჯობესებას წარმატებით გაართმევს თავს
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე პროკურატურის გაუმჯობესებას წარმატებით გაართმევს თავს

გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე – შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, შალვა თადუმაძეს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს.

„დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა მთავარი პროკურორის და შემდეგ უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და არსებობს მოთხოვნები კონკრეტული მიმართულებებით უწყების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროკურატურის წინაშე. საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია შალვა თადუმაძეს ამ თანამდებობის დაკავება. არის სერიოზული მოთხოვნები, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ შალვა თადუმაძე ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.