ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში ვიზიტი წარმატებული იქნება და კომუნიკაციის საფუძველზე ყველაფერი გაირკვევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე ყველაფერი გაირკვევა.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში განხორციელებული პირველი ვიზიტიც ძალიან წარმატებული იყო.
„იცით, რომ ამ ვიზიტს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური განცხადება მოჰყვა საქართველოს თაობაზე. დარწმუნებული ვარ, მეორე ვიზიტი, რომელსაც არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკელ მეგობრებთან. ამ კომუნიკაციის საფუძველზე ყველაფერი გაირკვევა”, – აღნიშნავს კობახიძე.
დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს დეზინფორმაცია მიაწოდოს.
ამასთან, მისივე თქმით, კონგრესმენების წერილებში არაერთი უზუსტობა იყო.
„ყველაზე ძლიერი იარაღი სიმართლეა და ბუნებრივია, სიმართლეს გავუზიარებთ საერთაშორისო პარტნიორებს. რაც შეეხება წერილებს, წერილებში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა იყო. მაგალითად, ოთხი კონგრესმენის წერილში მითითებული იყო, თურმე, სისხლის სამართლებრივი გამოძიება წარმოებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. თქვენც ხომ იცით, რომ ეს ტყუილია? ანუ ჩვენმა ოპონენტებმა დეზინფორმაცია გაუზიარეს ამერიკელ კონგრესმენებს. სამწუხაროდ, ისინი შეცდომაში შეიყვანეს და ეს შეცდომა კონგრესმენების წერილში აისახა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის თემებზე, რომელიც ასახულია წერილებში. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო თემები აქტუალურია და მსჯელობა იქნება. მოლოდინია, რომ სიმართლე გაიმარჯვებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.