ირაკლი კობახიძე - დანიელსონის დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომ მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ამაზეც უარი თქვა
ირაკლი კობახიძე - დანიელსონის დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომ მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ამაზეც უარი თქვა

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსოთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაული.

„ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით რაშიც ნიკანორ მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერაფრით გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა. შესაბამისად, ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას ვეღარ შეუქმნის სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობას, თუმცა ამ შეთავაზებაზეც თქვა უარი ოპოზიციამ. ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი კომპრომისული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც გახდა უარყოფის საგანი ოპოზიციის მხრიდან ანუ არც ერთ კომპრომისზე ისინი არ მოდიოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.