ირაკლი კობახიძე - დადონ მოლაპარაკებები მაგიდაზე და აქვე ვაწერთ ხელს, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ვიბრძოლებთ, ვაჩვენებთ ღირსებას და ბევრად ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით
ვფიქრობ, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე. აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ევროინტეგრაციას ხელოვნურად აჩერებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, დღესვე დადონ მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს. არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ძალიან კარგად იცით, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია, მაგრამ იქ ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ არის წასული თითოეული ქვეყანა და საქართველო ხელოვნურად არის უკან დაწეული. ეს არის უსამართლობა, ამაზე უნდა იმსჯელოს ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის, რაც ხდებოდა ექვსი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის არ არის სასიამოვნო ამ ყველაფრის გავლა, თუმცა ეს უკვე მე-4 მცდელობაა ჩვენს ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოწყობის. ეს მცდელობაც ჩავარდა და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ვფიქრობ, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე. აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.